თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პუბლიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, სცემეს „მთავარი არხის” ოპერატორ სერგი ბარამიძეს, მას დაუმტვრიეს კამერა, შემდეგ დააკავეს.
საია აცხადებს, რომ „ქმედებები, რომლებსაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს თავიანთი სამუშაოს შესრულებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას”.
ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება.
„მსგავსი ტიპის ქმედებები საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკაა და შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა. საერთაშორისო სტანდარტების მსგავსად, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯად ქმედებასაც.
ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევაში, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა დასჯა გამჭვირვალე და სწრაფი პროცედურებით. სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ძალისხმევის გამოჩენა, მათ შორის, გამოძიების გაჭიანურება და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიუცემლობა აღვივებს დაუსჯელობის სინდრომს, ახალისებს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების მიმართ ძალადობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას”.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა და არაეფექტიანი გამოძიება, ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევებს”, – აღნიშნავს ორგანიზაცია და მოუწოდებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენების და მათი უკანონო დაკავების პრაქტიკა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები. აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. დროულად გაასაჯაროოს დაკავებულ პირთა რაოდენობის და ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების და დემონსტრანტების დაკავებისა და მათზე სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები. ასევე, გატარებული ღონისძიებების შესახებ უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება.
საია აგრძელებს აქციაზე მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, მათ შორის სწავლობს აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის შემთხვევებს. ასევე, ამოქმედებულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ცხელი ხაზი – 577 070563.
საიას ადვოკატები უწყვეტ რეჟიმში მზად არიან დახმარება გაუწიონ აქციაზე დაკავებულ და დაზარალებულ პირებს.