თბილისი (GBC) – უნგრეთის მთავრობა დღეიდან საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებზე სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვანდა სონდიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება უცხოელი მუშახელის დასაქმების წესების გამკაცრებას გეგმავს, რადგან მიიჩნევს, რომ უცხოელი თანამშრომლების მზარდი რაოდენობა ადგილობრივი მოქალაქეების ხელფასების ზრდას აფერხებს.

„ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყანაში უცხოელი მუშახელის ნაკადის რეგულირების მიმართულებით“, – განაცხადა სონდიმ.

მისივე განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც უკვე იმყოფებიან უნგრეთში, შეძლებენ მოქმედი სამუშაო ნებართვების გაგრძელებაზე განაცხადის შეტანას. ასევე, ხელისუფლება დადგენილი წესით განიხილავს იმ განაცხადებს, რომლებიც გადაწყვეტილების ამოქმედებამდე იყო შეტანილი.

ბოლო წლებში უნგრეთში შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტის გამო ათობით ათასი უცხოელი დასაქმდა, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები. თუმცა, მთავრობის ახალი პოლიტიკა ადგილობრივი მუშახელის დაცვისა და ხელფასების ზრდის ხელშეწყობის მიზანს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობა აცხადებს, რომ მომავალში უცხოელი მუშახელის მიღების პირობები კიდევ უფრო მკაცრი გახდება.