თბილისი (GBC) – აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც რუსეთ–უკრაინის ომის საკითხებზე კრემლის ოფიციალურ პირებთან იგეგმება მოლაპარაკებები. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

რუბიო, რომელიც შაბათს ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, რუსეთის დელეგაციას საუდის არაბეთში ტრამპის მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლტცთან და თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენელთან ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფთან ერთად შეხვდება. ამის შესახებ სააგენტოს ამერიკელმა კონგრესმენმა და კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა წყარომ აცნობა. ამ დროისთვის უცნობია რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა.

ბოლო წლებში ეს პირველი მოლაპარაკება იქნება აშშ–ის და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის, რომელზეც ორი ქვეყნის ლიდერების პირისპირ შეხვედრა უნდა მომზადდეს.