თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის მიზნით უახლოეს მომავალში ორი შეხვედრა გაიმართება რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან. „ხვალ (14 თებერვალს) მიუნხენში გაიმართება შეხვედრა (მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში – რედ.), შემდეგ კვირაში კი საუდის არაბეთში შედგება მოლაპარაკებები, არა ჩემსა და პუტინს შორის, მაგრამ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მონაწილეობით. შეხვედრაში უკრაინაც მიიღებს მონაწილეობას“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში. მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმატში შეიძლება გაიმართოს ეს კონტაქტები.
ამასთან, მიუნხენის კონფერენციის ოფიციალურ დღის წესრიგში არ არის ამგვარი შეხვედრა შეტანილი. რუსი მაღალჩინოსნები ამ ღონისძიებაში 2022 წლიდან აღარ მონაწილეობენ, მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია არ აპირებს რუსებთან შეხვედრას მიუნხენში. „უკრაინამ ჯერ ამერიკასთან უნდა ისაუბროს. ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად კი ევროპა ყველა პროცესში უნდა მონაწილეობდეს. სწორედ მხოლოდ შეთანხმებული საერთო პოზიცია უნდა დაიდოს რუსებთან მოლაპარაკების მაგიდაზე. ცარიელ მაგიდასთან რუსებს არ ხვდებიან“, – თქვა ლიტვინმა.
მიუნხენის კონფერენცია 14–16 თებერვალს გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან.