თბილისი (GBC) – ერ–რიადში აშშ–რუსეთის მოლაპარაკებების დღის პირველი სესია დასრულდა და მხარეები საქმიან სადილს შეუდგნენ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალეკსეი გურშკომ კი განაცხადა, რომ „უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლი გამორიცხულია“.

მანამდე, აშშ–რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენისა და უკრაინის საკითხზე დისკუსიების დაწყებას ეძღვნება, 15–წუთიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც რაუნდი გაგრძელდა.

რუსულ მხარეს მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი წარმოადგენენ. აშშ–ის გუნდში არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსი ჯონ რეტკლიფი, მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი.

კრემლში მანამდე აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკებების მთავარი საკითხები ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მომზადება.

ამ შეხვედრის ორგანიზება დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის 12 თებერვალს გამართული სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.