თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საუდის არაბეთში ვიზიტი ერ–რიადში აშშ–რუსეთის დელეგაციების გუშინდელი შეხვედრის ფონზე გადადო. ვიზიტი 10 მარტს უნდა შედგეს. ამის შესახებ სააგენტო „უნიან“ წერს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ბედს მის ზურგს უკან არავინ უნდა წყვეტდეს. ეს სიტყვები მან ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე წარმოთქვა.

ზელენსკის ჟურნალისტმა ერ–რიადში ამერიკისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების შეფასება სთხოვა, რაზეც მან უპასუხა: „ეს წუთია გადავდე ჩემი ვიზიტი საუდის არაბეთში, იქ არ წავალ. გამგზავრება 10 მარტისთვის გადავდე“.

„ჩვენს ზურგს უკან არავინ არაფერი არ უნდა გადაგვიწყვიტოს. მგონი, ეს სამართლიანია. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება ორმხრივი დიალოგის სხვა ქვეყნებთან. კი ბატონო, რაც გინდათ, ის განიხილეთ. მაგრამ არ შეიძლება უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი ჩვენ ტერიტორიაზე. თან ჩვენ არ მიუწვევივართ საუდის არაბეთში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრაზე. ეს ჩვენთვის სიურპრიზი იყო და ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანვე დასძინა, რომ აშშ–ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრის შესახებ მედიიდან შეიტყო და რომ არ აპირებს 19 თებერვალს ერ–რიადში ამერიკელებთან შესახვედრად გამგზავრებას.

ზელენსკის თქმით, მას ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს მის სამეფო უდიდებულესობასთან მუჰამედთან: „ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ოფიციალური ვიზიტით 10 მარტს ჩავალ“.

ზელენსკიმ ისიც თქვა, რომ კიევში ამერიკელების დელეგაციის ვიზიტს ელოდება.