თბილისი (GBC) – აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ თუ პუტინი ტრამპის მიერ ინიციირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლის, ვაშინგტონი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს და უკრაინაში ჯარებს გაგზავნის. „არსებობს ზეწოლის როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო ბერკეტები“, – თქვა ვენსმა Wall Street Journal–თან (WSJ) ინტერვიუში.

მისივე თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება დაარწმუნოს პუტინი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო მეტს მიაღწევს, ვიდრე ბრძოლის ველზე. ვენსმა თქვა, რომ უკრაინის საკითხზე წარმატებული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აშშ გადატვირთავს რუსეთთან ურთიერთობებს, რადგან მოსკოვის დღევანდელი იზოლაცია დასავლეთისგან მას პეკინის უმცროს პარტნიორად აქცევს. „პუტინის ინტერესებში არ შედის ჩინეთთან კოალიციაში უმცროს ძმად ყოფნა“, – განმარტა ვენსმა.

ვიცე–პრეზიდენტმა უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პარამეტრებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ჯერ გაურკვეველია, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების რა ნაწილი დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ და რა სახის გარანტიებს მიიღებს უკრაინა აშშ–სა და სხვა დასავლელი მოკავშირეებისგან. „ფორმულირებისა და კონფიგურაციების უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჩვენ ვზრუნავთ, რომ უკრაინამ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს“, – თქვა ვენსმა.

მანამდე, აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის მიზნით უახლოეს მომავალში ორი შეხვედრა გაიმართება რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან. „ხვალ (14 თებერვალს) მიუნხენში გაიმართება შეხვედრა (მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში – რედ.), შემდეგ კვირაში კი საუდის არაბეთში შედგება მოლაპარაკებები, არა ჩემსა და პუტინს შორის, მაგრამ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მონაწილეობით. შეხვედრაში უკრაინაც მიიღებს მონაწილეობას“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.