თბილისი (GBC) – რუსი სამხედროები კურსკის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 45 კმ–ის მანძილზე „სწრაფი ტემპებით“ თხრიან სანგრების ქსელს. ამის შესახებ პროექტი OSINTtechnical ოთხშაბათს, 14 აგვისტოს X-ზე წერს.

ინფორმაციის ავტორების თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკან დახევის შემთხვევაში უკრაინელ სამხედროებს რუსეთის მნიშვნელოვანი ტერიტორიები ჩაუვარდებათ ხელში.

„თავდაცვითი ობიექტები, როგორც თანამგზავრიდან გადაღებული კადრებით დგინდება, ლოგოვ–სუჯას დამაკავშირებელი მაგისტრალის მიმდებარედ იგება. ეს ადგილი სუჯადან 1,5 კილომეტრშია“, – წერს „რადიო სვობოდა“.

„თანამგზავრიდან გადაღებულ კადრებზე ჩანს, რომ უსები სანგრებს უკრაინის საზღვართან ყველაზე ახლოს, 45 კილომეტრის მანძილზე თხრიან. ყველაზე შორს – სელიხოვი დვორი–ივანინოს და დიაკონოვო–სუსჯას დამაკავშირებელ მაგისტრალებთან, ქალაქ კურსკთან ახლოს – სახელმწფიო საზღვრიდან 75 კმ–ის დაშორებით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, BBC-ს რუსულენოვანმა რედაქციამ რამდენიმე განცხადება აღმოაჩინა, სადაც მუშებს ეძებენ „თავშესაფრების, სანგრების, ბლინდაჟების და ტანსკაცინააღმოეგო ნაგებობების მოსაწყობად კურსკის ოლქში“. აქვე საუბარია „თავდაცვის მეორე ხაზის“ მოწყობაზე. შრომის ანაზღაურება შეთავაზებულია თვეში 230 000 რუბლის (7 000 ლარი) ოდენობით.

ვის ხელშია კურსკის ატომური ელექტროსადგური

ჩეჩნური სპეცრაზმის „ახმატ“ მეთაური და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო–პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილე აფთი ალაუდინოვი აცხადებს, რომ მათ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედების გეგმა ჩაიგდეს ხელში. მისი ინფორმაციით, უკრაინელებს 11 აგვისტოს უნდა აეღოთ კურსკის ატომური ელექტროსადგური, რომელიც კურჩატოვში მდებარეობს. ამის შემდეგ უკრაინელებს რუსეთისთვის ულტიმატუმი უნდა წაეყენებინათ, აცხადებს „ახმატის“ მეთაური, რომელსაც რუსული მედია ციტირებს.

უკრაინელები ახალ დასახლებებს იპყრობენ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 14 აგვისტოს კურსკის ოლქში კიდევ 4 დასახლებული პუნქტი დაიკავეს. ამის შესახებ გამოცემა Bild–ის ექსპერტი ღია მონაცემების დამუშავების საკითხებში იულიან რეპკე წერს, რომელმაც კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ამსახველი ვიდეომასალა შეისწავლა.

მისი მონაცემებით, სუჯის ჩრდილოეთით უკრაინელმა სამხედროებმა სოფელი კრუგლენკოე და მისი შემოგარენი დაიპყრეს.

მანამდე უკრაინელებმა ამ მიმართულებით კორენოვოს რაიონულ ცენტრზე მიიტანეს იერიში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შეიჭრნენ და მას შემდეგ პერმანენტულად აფართოებენ კონტროლირებად ტერიტორიებს.