თბილისი (GBC) - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ორშაბათს განაცხადა, როიმ „მედიის კანონს“ დაემატება ჩანაწერი, ონლაინმედიის რეგულირების შესახებ. ამასთან დაკავშირებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება.

გორდულაძის ინფორმაციით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება.

ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: - ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება.

ინტერნეტმედია მომსახურების მიმწოდებლად ჩაითვლება მაუწყებელი ან სხვა პირი, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე განსახორციელებლად ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან იყენებს ინტერნეტდომენისა და ინტერნეტ ჰოსტინგს.

“მაუწყებლებს იმავდროულად აქვთ საიტი, აქვთ სოციალური ქსელი. ჩვენს მიერ წარმოდგენილი რეგულაციის მიხედვით, თუ მაუწყებელი ინფორმაციას, მაგალითად, არაჯეროვნად ავრცელებს, პირს რეაგირება და უფლებების დაცვა იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ინფორმაცია ტელეეთერის საშუალებით არის გავრცელებული, მაგრამ თუ ეს ყველაფერი გავრცელებულია სოციალური ქსელით და თუნდაც ვებგვერდის საშუალებით, ამ ყველაფერზე რეაგირება შეუძლებელი იქნება.

ამიტომ, პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.

ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ონლაინმედიების შემთხვევაში „ინტერნეტმედიამომსახურების მიმწოდებლის“ პასუხისმგებლობა იქნება პირველ შემთხვევაში გაფრთხილება, გაფრთხილების მიუხედავად დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაძლებელია, კომუნიკაციების კომისიამ გამოიყენოს ჯარიმები, ბრუნვის 0.5%, 1%, 3%-ის ოდენობით.

ამავდროულად, შესაძლებელია, შესაბამისი ინტერნეტდომეინის ან ინტერნეტჰოსტინგის ფუნქციონირების შეწყვეტაც. გორდულაძემ ბოლოს დასძინა, რომ "ამ საკითხზე უნდა იმსჯელონ".

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად იხილავს.