თბილისი (GBC) -  საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 243 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 15.4 ათასს შეადგენდა, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.3 დღე შეადგინა (2022 წელს - 5.1 დღე), ხოლო დატვირთვამ - 204.9 დღე (2022 წელს - 167.2 დღე). ამასთან, 2023 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.1 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9% უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 295 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რაოდენობა 15.4 მილიონი იყო, რაც 1.1%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2023 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 24.4 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.5 ათასი. წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დაავადებების (პირველად დადგენილი დიაგნოზით) რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები გაიზარდა 53.4%-ით, ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 51.5%-ით, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 50%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 45.4%-ით, ხოლო ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები - 42.3%-ით.

ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, თვალისა და მისი დანამატებისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები.

2023 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 612 ერთეული შეადგინა, რაც 5 ერთეულით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო შიდსით დაავადებულთა კუმულატიური რიცხოვნობა 10 391 ერთეულით განისაზღვრა.

2023 წელს შიდსით გარდაცვალების 122 შემთხვევა დაფიქსირდა.

2023 წელს მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 12.7%-ით შემცირდა და 1 444 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 13.4%-ით შემცირდა.