თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 403.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.1%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა და 186.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2022-2025 წლებში.

საქსტატის ინფორმაციით, 2025  წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.5% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • რუსეთი (31.7 მლნ. აშშ დოლარი),
  • თურქეთი (20.3 მლნ. აშშ დოლარი),
  • ჩინეთი (16.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 13.8 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე 13.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები, 12.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.9%).