თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $2,008 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 403.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3%-ით), ხოლო იმპორტი 1 604.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 45.5%-ით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, $1,2 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8%-ია.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • ყირგიზეთი (74.9 მლნ. აშშ დოლარი),
  • აზერბაიჯანი (46.2 მლნ. აშშ დოლარი),
  • ყაზახეთი (45.2 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5% შეადგინა. პირველ სამეულში შედის:

  • აშშ (357.3 მლნ. აშშ დოლარი),
  • გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ. აშშ დოლარი),
  • თურქეთი (172.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:

  • აშშ (361.7 მლნ. აშშ დოლარი),
  • გაერთიანებული სამეფო (267.2 მლნ. აშშ დოლარი),
  • რუსეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4%).

საქსტატის მონაცემებით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).