თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.1 პ.პ-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2019-2024 წლებში, კვარტალების მიხედვით.
2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 20.1 ათასი კაცით (2.1%) და 978.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 19.7 ათასით გაიზარდა (4.8%) და 433.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.7 ათასით (5.9%) და 233.9 ათასი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პ.პ-ით გაიზარდა და 54.9%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 1.1 პ.პ-ით და 47.1% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.2 პ.პ-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1 პ.პ-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 1.4 პ.პ-ით და შესაბამისად 48.5%-ს და 45.2%-ს შეადგენს.
2024 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.5 პ.პ-ით შემცირდა და 69.3% შეადგინა.
2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.4 პ.პ-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 0.6 პ.პ-ით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2.4 პ.პ-ით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 0.1 პ.პ-ით და შესაბამისად 11.1%-ს და 16.7%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.1%-ს, ხოლო კაცებში 66.3%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 0.7 პ.პ-ით, ხოლო კაცებში - 0.4 პ.პ-ით.
ამასთან, 2024 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია ქალებში 1.7 პ.პ-ით, ხოლო კაცებში – 0.4 პ.პ-ით.