თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 122 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 75 საჯარო, ხოლო 47 კერძო.

2024 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 17.1 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 49.7% ქალია, ხოლო 50.3% - კაცი. 2023 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი გაზრდილია 10.3%-ით.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობენ ქ. თბილისი (36.4%), აჭარა (18.6%), იმერეთი (11.9%), ქვემო ქართლი (10.1%), სამერელო-ზემო სვანეთი (8.9%) და კახეთი (4.8%).

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 257 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 31.1% ქალია, ხოლო 68.9% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (47.1%).

2024 წელს, კურსდამთავრებულთა რიცხოვნობამ 9.5 ათასი შეადგინა, რომელთაგან 47.7% ქალია, ხოლო 52.3% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.6%), მომსახურებების (20.3%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.5%) პროგრამებზე.