თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64% თბილისში მდებარეობს.
2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში - 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, შემცირდა 0.2%-ით.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7 %, ხოლო კერძოში - 42.3 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8% ქალია, ხოლო 47.2% - კაცი.
ამასთან, 2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4%-ით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.2% არის ქალი, ხოლო 39.8% - კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28%-ით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2%-ით მეტია.
2024 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 700 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7%-ით ნაკლებია. ამასთან, დოქტორანტების რიცხოვნობა 15.3%-ითაა შემცირებული და 3 023-ს შეადგენს.
საქსტატის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 15.9%-ით შემცირდა და 438 პირი შეადგინა.