თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.31 მლნ-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.54 მლნ ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 5.6%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლების მეოთხე კვარტალებში საქართველოს რეზიდენტი 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს.

2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 672.5 ათასით განისაზღვრა, რაც 2.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.

ვიზიტორების უმრავლესობა, 37.1%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 54.8%-ს შეადგენდა.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.1% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.5% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.4% — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

ამასთან, 2024 წლის მეოთხე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (54%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 376.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 324.5 ათასი ვიზიტი თვეში).

2024 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 259 მილიონი ლარით, რაც 3.2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1.1%-ით და 168.1 ლარს გაუტოლდა.