თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.35 მლნ-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1.63 მლნ ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 5.9%-ით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2.5%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლებში საქართველოს რეზიდენტი 15 წლის და უფროსი ასაკის ვიზიტორებისა და მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობებს.
2024 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 735.8 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
დიაგრამა ასახავს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
ვიზიტორების უმრავლესობა, 36.5%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55.6%-ს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 38.8% ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 14.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.2% — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.
ამასთან, 2024 წელს ვიზიტების უმრავლესობა (51.4%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა ქ. თბილისში (საშუალოდ 373.5 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 340.3 ათასი ვიზიტი თვეში).
დიაგრამა ასახავს 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 300 მილიონი ლარით, რაც 7.9%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაიზარდა 5.4%-ით და 183.1 ლარს გაუტოლდა.