თბილისი (GBC) – ევროპის სამი უმსხვილესი ტურისტული ოპერატორიდან ერთი – კომპანია FTI, რომლის შტაბ-ბინაც მიუნხენში მდებარეობს, დაბალი ფასების პოლიტიკისა და არასწორი საბაზრო სტრატეგიის გამო გაკოტრდა. კომპანიის გაბანკროტების შესახებ ინფორმაციამ შოკი გამოიწვია თურქეთში ანტალიისა და ალანიის კურორტებზე – კომპანიას ამ რეგიონებში სეზონზე 1 მილიონზე მეტი ტურისტი ჩაჰყავდა. 

ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს კომპანიის არხებით 400 000 საგზური იყო დაჯავშნილი, თუმცა გადახდები არ განხორციელებულა. კომპანიის გაკოტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ჩართულობით კრიზისული შტაბი შეიქმნა.

ხმელთაშუა ზღვის ტურისტული ოტელიერებისა და ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქაან ქავალოღლუმ, კომპანიის გაკოტრებით მოსალოდნელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების შეფასებისას თქვა, რომ FTI–ს თურქეთში 12 სასტუმრო და ხმელთაშუა ზღვის სასტუმროების მიმართ მილიონობით ევროს დავალიანება აქვს. მისივე თქმით, FTI–ს თურქეთში არა მხოლოდ გერმანელი, არამედ ფრანგი, ჰოლანდიელი და ინგლისელი ტურისტებიც ჩაჰყავდა.

„ჯერ გაურკვეველია, ვინ დაფარავს დაზღვევის პროცესს კომპანიის გაკოტრების შემდეგ. ვითარება გაურკვეველია“, – განაცხადა ქაან ქავალოღლუმ.