თბილისი (GBC) – „კომპანია BP კიდევ 30 წლის განმავლობაში დარჩება აზერბაიჯანში. როგორც ჩანს, კომპანია კიდევ 30 წელი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ბრიტანული BP და ამერიკული Amoco ჯერ კიდევ 1994 წელს ჩაუდგნენ სათავეში საერთაშორისო ნავთობკომპანიების კონსორციუმს და ჩვენი ნდობა დაიმსახურეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს ექსპო ცენტრში 29–ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობი და გაზი“ გახსნის ცერემონიაზე.

ალიევმა თქვა, რომ „აზერბაიჯანი ძალიან სარისკო ადგილი იყო. ინვესტორები ხომ ყოველთვის მგრძნობიარეები არიან პოლიტიკური სირთულეებისა და გეოპოლიტიკისადმი. მაგრამ ისინი ენდობოდნენ ხელისუფლებას და ხალხს. ჩვენ ინვესტორებთან ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობების დამყარება შევძელით. თუ შეხედავთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, დაინახავთ, რომ ეს პროცესი ჩვენი ენერგეტიკული პოლიტიკის შესაბამისად მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ მაშინ აზერბაიჯანმა თავი სანდო პარტნიორად წარმოაჩინა“.

თავის გამოსვლაში ილჰამ ალიევმა აღნიშნა: „ჩვენი ბრალი არ არის, რომ ნავთობი და გაზი გვაქვს. ეს ღვთის საჩუქარია. ჩვენ კუთვნილი რესურსებით კი არა, ჩვენი ქმედებებით უნდა განგვსაჯონ – იმის მიხედვით, თუ როგორ განვკარგავთ ამ რესურსებს, როგორ ვახდენთ ამ სიმდიდრის ტრანსფორმირებას საზოგადოებრივ კეთილდღეობაში, როგორ ვაშენებთ ინკლუზიურ საზოგადოებას, როგორ ვახერხებთ სიღარიბის შემცირებას...“.