თბილისი (GBC) – ოქროს ფასი ახალ ისტორიულ მაქსიმუმზეა დოლარის კურსის შესუსტების და ფედრეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთების დაწევის მოლოდინში. გარდა ამისა, ოქროზე, როგორც უსაფრთხო აქტივზე, მოთხოვნა დონალდ ტრამპზე მეორე თავდასხმის ფონზეც გაიზარდა, წერს Trading Economics.

„გეოპოლიტიკური რისკებით და ვალებით დატვირთული პოლარიზებული სამყარო ოქროს ფასს გაძვირებისკენ უბიძგებს“, – აღნიშნავს Saxo Bank–ის ნედლეულის ბაზრების სტრატეგიის განყოფილების უფროსი ოლე ჰანსენი.

Goldman Sachs–ის ანალიტიკოსებმა დაადასტურეს თავისივე პროგნოზი, რომლის თანახმად ამ ძვირფასი ლითონის ღირებულება შესაძლოა $2 700–მდეც გაიზარდოს და ეს უახლოეს მომავალში, 2025 წლის დასაწყისში მოხდება. ამის მიზეზად კი კვლავ ყბადაღებული განაკვეთების შემცირება და ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება.

უნცია ოქროზე ოქტომბრის ფიუჩერსები ბირჟაზე Comex ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში $2 588,7 ღირდა, რაც $3,5–ით (+0,1%) აღემატება წინა სესიის დახურვისას დაფიქსირებულ მაჩვენებელს. წლის დასაწყისიდან ოქროს ფასი ¼–ით არის გაზრდილი.