თბილისი (GBC) - რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ბუქარესტის ამჟამინდელმა მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა, რითაც მან დაამარცხა პირველი ტურის ლიდერი, ნაციონალისტი ჯორჯე სიმიონი.
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბიულეტენების 100%-ის შეჯამების შედეგად ნიკუშორ დანს ხმების 53,60% აქვს, ხოლო ნაციონალისტური პარტია AUR-ის ლიდერ ჯორჯე სიმიონს - 46,40%.
არჩევნებში მონაწილეობა 11,64 მილიონმა რუმინელმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა აქტივობა 64,72% შეადგენს. ეს კი ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ნიკუშორ დანმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მოლდოვაში მცხოვრებ რუმინეთის მოქალაქეებს. თუ პირველ ტურში დანმა მოლდოვაში ხმების 52,3% მიიღო, მეორე ტურში მხარდაჭერა 88% იყო.
ამასთან, მსოფლიო ლიდერებმა ნიკუშორ დენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში ისიც დაწერა, რომ "რუმინელებმა აირჩიეს დაპირება ძლიერ ევროპაში ღია, აყვავებული რუმინეთის შესახებ".
დანს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმაც მიულოცა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: "მოლდოვის რესპუბლიკა და რუმინეთი ერთმანეთს ეყრდნობიან - კარგ და ცუდ დროს. რუმინეთის მოქალაქეობის მქონე ძვირფასო მოლდოველებო, შინ და მთელ მსოფლიოში, თქვენ კიდევ ერთხელ მიეცით ხმა თავისუფლებასა და დემოკრატიას! მადლობა ყველას არჩევნებში შთამბეჭდავი მონაწილეობისთვის. მთელი მსოფლიო ხედავს რა ძალა გვაქვს, როცა ერთიანები ვართ!"
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დიდ ვნებათაღელვა გამოიწვია მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა.
ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი არჩევნებში რუსეთის ჩარევა დასახელდა.
პირველ ტურში, რომელიც 4 მაისს გაიმართა, სიმიონმა ხმების დაახლოებით 41%, დანზე თითქმის ორჯერ მეტი მიიღო.
თუმცა, 18 მაისს, ოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ჯორჯე სიმიონმა დამარცხება აღიარა, ნიკუშორ დანს მიულოცა და განაცხადა, რომ "ასეთი იყო რუმინელი ხალხის ნება".
სიმიონი სადავო, ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა.
შეგახსენებთ, რომ იგი გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. იგი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული.
ულტრანაციონალისტი კანდიდატი ასევე ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.
24 აპრილს რუმინეთის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით, სიმიონის პარტიის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესდა.
სიმიონს ბრალდება $1,5 მლნ-ის გადახდა ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის - ვაშინგტონში სტივ ბენონის WarRoom პოდკასტსა და ჯეკ პოსობიკის სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის ორგანიზებისთვის. ვარაუდობენ, იმასაც რომ ამაში სახელმწიფოს თანხები დაიხარჯა. სიმიონი ბრალდებებს უარყოფს.