თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტს, 83 წლის ჯო ბაიდენს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბაიდენის ოფისი ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ბაიდენმა ექიმს შარდვის გართულების გამო მიმართა, რის შემდეგაც მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს.
დაავადებას მაღალი გლისონის ქულა (9/10) აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები სწრაფად ვრცელდება.
ბაიდენის ოფისის ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად სიმსივნის აგრესიული ფორმისა, დაავადება ჰორმონებისადმი მგრძნობიარეა, რაც ეფექტური მართვის საშუალებას იძლევა.
ჯო ბაიდენის დიაგნოზს აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის და პირველი ლედი მელანია მწუხარებას გამოთქვამენ ჯო ბაიდენის დიაგნოზის გამო და მის ოჯახს თბილ და "საუკეთესო სურვილებს უგზავნიან, ბაიდენს კი სწრაფად და წარმატებით გამოჯანმრთელებას უსურვებენ".
დიაგნოზის გავრცელების შემდეგ ბაიდენს მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილმა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ბილ კლინტონმა, ჰილარი კლინტონთან ერთად.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა კი მას „მებრძოლი” უწოდა.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის მისამართით მხარდაჭერის წერილი გაავრცელა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმაც და მას "სწრაფი და წარმატებული მკურნალობა" უსურვა.
აშშ-ის 2024 წლის არჩევნებში ჯო ბაიდენს პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრა სურდა. დემოკრატები შიშობდნენ, რომ ბაიდენი თავისი ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლებდა რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპთან წარმატებით ბრძოლას, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, კიდევ ოთხი წლით ეფექტიანად მუშაობა გაუჭირდებოდა.
2024 წლის 27 ივნისის შემდეგ, ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატები ჰქონდა, აშშ-ის პრეზიდენტს არაერთმა დემოკრატმა მოუწოდა, უარი ეთქვა მეორე ვადით კენჭისყრის განზრახვაზე.
21 ივლისს ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ "დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება", პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს უჭერს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის კანდიდატურას.