თბილისი (GBC) – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში British Airways-მა დაიწყო ოპერირება. პირდაპირი ავიარეისები დღეიდან თბილისსა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ბრიტანეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის კუთვნილმა Airbus a320neo ტიპის ხომალდმა თბილისში ლონდონიდან პირველი 156 მგზავრი უკვე ჩამოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი ტავ ჯორჯია ავრცელებს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრები პირდაპირი რეისით დაუკავშირდებიან ლონდონის ჰითროუს აეროპორტს. ეს დიდ შესაძლებლობებს აჩენს მგზავრებისთვის და ასევე ასეთი დონის ავიაკომპანიის მომსახურება დიდი პატივი და გამოწვევაა ჩვენთვის. ტავ ჯორჯია მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს, არამხოლოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ინფრასტრუქტურის განსავითარებლად,
არამედ იმ საკადრო რესურსის შესაქმნელად, რომელიც სერვისების მიწოდებისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ასრულებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მომატებული ინტერესი ჩვენი აეროპორტის მიმართ და უპრეცედენტოდ გაზრდილი მგზავრთნაკადი. 2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 4,7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 2025 წლიდან კი 13 ახალი მიმართულება დაგვემატა და ახალ დანიშნულებად ჩვენი აეროპორტი 8 ახალმა ავიაკომპანიამ აირჩია, რომელთა შორისაც გვაქვს პატივი აღვნიშნოთ რომ არის ბრიტანეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაც“, - აცხადებს ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.
ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნებას და ლონდონი-თბილისის პირდაპირი ფრენით დაკავშირებას ორი ქვეყნის ურთიერთობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, რომელიც დღეს ავიაკომპანია British Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ღონისძიებას დაესწრო.
საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ‘’British Airways”-ის მენეჯმენტი დაესწრნენ. ა
‘’British Airways 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. ‘’British Airways” “American Airlines”-თან ერთად გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, ‘’OneWorld“ თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა ‘’SkyTeam”-ის და “Star Alliance”-ის შემდეგ.
‘’American Airlines”-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘’British Airways”-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. ‘’British Airways”-ი მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიას მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.