თბილისი (GBC) - საქართველოში სომხეთის გავლით თურქმენული გაზის ტრანზიტის შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, არტაშეს თუმანიანმა განაცხადა, რასაც Armenpress ავრცელებს.

მისი თქმით, თბილისმა ამ წინადადებას დადებითად უკვე უპასუხა. თუმანიანის შეფასებით, თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, თურქმენული გაზი შავი ზღვის აუზის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდება

თურქმენული გაზის შესყიდვა თავად ერევანსაც სურს. ამ მიზნით აშხაბადთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რითაც სომხეთი ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციას რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმავს.

კერძოდ, დაგეგმილია ხელშეკრულების გაფორმება სახელმწიფო კონცერნ “თურქმენგაზთან” სომხეთისთვის გაზის SWOP-სქემით მიწოდების შესახებ, რაც ირანის ტერიტორიის გავლით უნდა მოხდეს. ამაზე ირანის მხრიდან თანხმობა ერევანმა უკვე მიიღო.

SWOP-სქემა სავაჭრო-ფინანსური გაცვლითი ოპერაციაა სხვადასხვა აქტივების გაცვლის სახით, რომელშიც ფასიანი ქაღალდების ან ვალუტის შესყიდვა/გაყიდვის გარიგებას საპირისპირო გარიგება ახლავს თან გარკვეული პერიოდის შემდეგ იმავე საქონლის უკუგაყიდვა/შესყიდვის შესახებ იმავე ან განსხვავებული პირობებით.

თუმანიანი განმარტავს, რომ ერევანი აშხაბადისგან 600 მილიონიდან 1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზის შესყიდვას გეგმავს, თუმცა მხარეებმა ფასის საკითხზე კონსენსუსს ჯერ ვერ მიაღწიეს.

ამჟამად სომხეთის შიდა მოხმარებისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი რუსული “გაზპრომია.” გაზი რესპუბლიკაში ტრანზიტით საქართველოს ტერიტორიის გავლით შედის და საზღვარზე ათასი კუბური მეტრი 165 დოლარი ღირს. ხელშეკრულება 2030 წლამდე მოქმედებს. გაზის ტრანსპორტირების ქსელის ოპერატორი კომპანია “გაზპრომის” შვილობილი “გაზპრომ-სომხეთია,” რომელიც, გაზის შენახვისა და განაწილების ჩათვლით, სამუშაოს სრულ ციკლს უზრუნველყოფს.

სომხეთი, ასევე, ირანთან თანამშრომლობს და მისგან საწვავს თბოელექტროსადგურების ფუნქციონირებისთვის იმ პროგრამის ფარგლებში ყიდულობს, რომლის სახელწოდებაცაა “გაზი ელექტროენერგიის სანაცვლოდ.” ეს პროგრამაც 2030 წლამდე მოქმედებს.

ყოველწლიურად სომხეთში 2,6 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი გაზი შედის, ხოლო იმპორტის 85%-მდე რუსეთის წილია.

აღსანიშნავია, რომ თუქრმენულ გაზს ირანის გავლითა და SWOP-სქემით აზერბაიჯანიც ყიდულობს, რაც წელიწადში 1,5–2 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

ცნობისთვის: თურქმენეთის ყოფილი პრეზიდენტი და ხალკ მასლაჰათის (სახალხო საბჭოს) ამჟამინდელი თავმჯდომარე, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მიიჩნევს, რომ თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპის ქვეყნებში ექსპორტი საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური მარშრუტით უნდა მოხდეს. ასევე, განიხილება ირანის მარშრუტი, თუ ირანული ინფრასტრუქტურით ტრანზიტზე თეირანთან შეთანხმება იქნება მიღწეული. მისი თქმით, გალკინიშის საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც თურქმენულ ბუნებრივ აირზე საერთაშორისო მოთხოვნის ზრდაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

2023 წლის ივლისის ბოლოს თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და აზერბაიჯანისგან კასპიის ზღვის ფსკერის დელიმიტაცია მოითხოვა. უწყება აცხადებდა, რომ თურქმენეთი მზად არის, ევროკავშირისთვის გაზის მისაწოდებლად კასპიის ზღვის ფსკერზე ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობა დაიწყოს, რის შემაფერხებელ ფაქტორებსაც ვერ ხედავს. პროექტის მიხედვით, ევროპულ ბაზარს 30 მლრდ კუბური მეტრის თურქმენული გაზი ყოველწლიურად, მინიმუმ, 30 წლის განმავლობაში უნდა მიეწოდოს. ჯერჯერობით დასავლეთისთვის თურქმენული გაზის მიწოდების ერთადერთი გზა ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სატრანზიტო მილსადენებია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ

წყარო: BPN