თბილისი (GBC) – 2024 წლის 14-15 სექტემბერს, თბილისის დედაენის ბაღში, მე-18 აგრობაზარი “უნიკალური ქართული გემო” კვლავ იზეიმებს ქართული სოფლის მეურნეობის უნიკალურობას და ქვეყნის რეგიონებში დამზადებულ ნიშურ პროდუქტებს წარადგენს. ღონისძიებას ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული ENPARD IV პროგრამის ფარგლებში FAO ახორციელებს. აგრობაზარი მიზნად ისახავს ღონისძიების მონაწილეებისა და მათი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების გამომხატველი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის პოპულარიზაციას. 

აგრობაზრის “უნიკალური ქართული გემო” 50-ზე მეტი მონაწილე წარადგენს რძის ნაწარმსა და ხორცპროდუქტს, ალკოჰოლურ სასმელებს, ტკბილეულს, თაფლს, ჯემებსა და სხვა კულინარიულ შემოქმედებებს. ღონისძიებაში ჩართული ყველა მწარმოებელი და წარმოდგენილი საკვები პროდუქტი საქართველოს კულტურის ისტორიას ჰყვება და ამავდროულად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სურსათის უვნებლობის უპირატესობაზე ამახვილებს ყურადღებას.

აგრობაზრის მონაწილეების უმეტესობა საქართველოში ევროკავშირისა და შვედეთის დაფინანსებული და FAO-ს მიერ განხორციელებული პროექტების ბენეფიციარია. მათ თანადაფინანსების გრანტები მიიღეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაუმჯობესებლად, ან მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებში ჩაერთნენ.

„უნიკალური ქართული გემო“ 70 მონაწილეს დაეხმარა ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებაში. აგრობაზრის 20-მა მეწარმემ 80-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა აღნიშნული კომერციული პლატფორმის მეშვეობით მათ ნაწარმზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე. აგრობაზრის 34-მა მონაწილემ აღნიშნა, რომ მათი შემოსავალი მინიმუმ 15 პროცენტით და ზოგადად, 2023 წლის ბოლოს, აგრობაზრის ფარგლებში, კოლექტიური შემოსავლის 35%-ით გაზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ აგრობაზრის „უნიკალური ქართული გემო“ მონაწილეებმა 1,000 მუდმივი მომხმარებელი მოიზიდეს და 2022-2023 წლებში გამართულ ღონისძიებებზე 330,000 ლარის ოდენობის შემოსავალი დააგენერირეს.

ევროკავშირისა და შვედეთის მიერ დაფინანსებული “უნიკალური ქართული გემო” FAO-სა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის დამყარების წარმატებულ მოდელად ჩამოყალიბდა. ღონისძიება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადგილობრივად წარმოებული ნიშური პროდუქტისა თუ ენდემური კულტურების პოპულარიზაციაში. აგრობაზარი ქართველ ფერმერებს მომხმარებლებთან და ბიზნესებთან ახალი კომერციული ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარა. ამგვარად, „უნიკალური ქართული გემო“ ბაზარზე გაუმჯობესებული წვდომისა და შემოსავლის ახალი შესაძლებლობების პლატფორმას წარმოადგენს ქართველი მწარმოებლებისთვის.

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

პროექტის შესახებ

ევროკავშირი, ENPARD პროგრამის ფარგლებში, მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში. სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საქართველოში სიღარიბის შემცირების მიზნით  ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამა, საწყის ეტაპზე, მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებას ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე, პროგრამა ასევე კონცენტრირდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენის ხელშეწყობაზე. 2021 წლიდან პროგრამა ქვეყნის მხარდაჭერას სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხითაც ახორციელებს ევროკავშირისა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, ENPARD IV-ის ფარგლებში, სურსათის უვნებლობის კომპონენტის მთავარ განმახორციელებელ ორგანიზაციებთან, FAO-სა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად.