თბილისი (GBC) - ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა და საქართველოს საკითხებში მუდმივმა მომხსენებელმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახლა სტრასბურგში მიემგზავრება. 

„სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში მოემგზავრება, რათა ევროკავშირის დემოკრატიის გულში მოგვმართოს. არის იმედი? ეს ლიეტუვაში საქართველოს შესახებ დასმული ყველაზე ხშირი შეკითხვაა. დიახ, არის იმედი. გასულ კვირას, როდესაც თბილისში ვიყავი უამრავი ადამიანი ვნახე ევროკავშირის დროშებით. 500-მდე დაკავებული, ასობით ნაცემი, მათ შორის ჟურნალისტები, მაგრამ დემონსტრაციებზე სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მისივე თქმით, გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებაა.

„საქართველო ნათელი მაგალითი ხდება იმისა, თუ როგორ შეუძლია რუსეთის გავლენას დემოკრატიული სისტემა ავტორიტარულ რეჟიმად გასროლის გარეშე გარდაქმნას. მაგრამ, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ევროკავშირის ინსტიტუტები განზე ვერ გადგებიან. ჩემი ჯგუფის, „ევროპის სახალხო პარტიის“ პოზიცია ნათელია, რომ საპარლამენტო არჩევნები მოიპარეს და საქართველოს დასახმარებლად ახალი არჩევნების გარდა სხვა გზას ვერ ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი ხალხის მიერ არჩეული ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებსა და მინისტრებს თბილისში სასწრაფო ვიზიტისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე. მოვუწოდებთ სახელმწიფოების მეთაურებსა და მინისტრებს თბილისში ევროპული ქართული მისიით სასწრაფოდ ჩავიდნენ. მოვუწოდებ ევროკავშირს ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღოს და არ დაუშვას პუტინისა და მისი მარიონეტების მიერ ევროპის კონტინენტზე თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება. ეს ის ბრძოლაა ნამდვილი მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, რისთვისაც უკრაინელები იბრძვიან“, - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარების დელეგაცია, რომელთა შორისაც იმყოფებოდა რასა იუკნევიჩიანე 11 დეკემბერს ჩამოვიდა საქართველოში, 12 დეკემბერს შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

„სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მცდელობაში, გაუძღვეს საქართველოს ევროპული მომავლისკენ“, - დაწერა რასა იუკნევიჩიანემ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.