თბილისი (GBC) – ევროპარლამენტარები სტრასბურგში გამართულ დებატებზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოში ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად. ევროპარლამენტარები დღეს განიხილავენ სანქციებსაც. "ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას? პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას?" - ასეთი კითხვით მიმართა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს პოლონელმა ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშევსკამ.
დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი დუბრავკა შუიცა
„თითქმის სამი კვირაა, ქართველი ხალხი საპროტესტო აქციებს აწყობს ქვეყნის მასშტაბით, რათა დაიცვან მათი დემოკრატიული და ევროპული მომავალი. უპრეცედენტო პროტესტი მოჰყვა საქართველოს მთავრობის განცხადებას მათი გადაწყვეტილების შესახებ, არ დაიწყონ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2030 წლამდე. ეს ნაბიჯი არის საქართველოს წინა მთავრობების პოლიტიკიდან და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებიდან აშკარა გადახვევა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როცა ვხედავთ, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს მინიჭებული, სწრაფად და საგრძნობლად უხვევს ევროპული გზიდან. საქართველოში სიტუაცია უარესდება. ბოლო 2 კვირის განმავლობაში 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაახლოებით, 300-მა ძალადობა და არასათანადო მოპყრობა განიცადა, ბევრს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. პოლიციამ 400 ადამიანი ადმინისტრაციულ, 30-ზე მეტი კი სისხლის სამართლის დანაშაულში დაადანაშაულა, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურებიდან, ან არაოფიციალური მოძალადე ჯგუფებიდან არავის დაჰკისრებია პასუხისმგებლობა ძალის გადამეტებული გამოყენების გამო“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.
მისი თქმით, ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ნიმუშის ნაწილია.
„26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც სერიოზული დარღვევებით აღინიშნა, ხელისუფლებამ მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ასევე ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ საკანონმდებლო პაკეტი, ორივე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს ეწინააღმდეგება, ივნისში, ჩვენ ვუპასუხეთ გარკვეული ზომებით, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებით და დახმარების შეწყვეტით - 30 მილიონი ევრო ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში და 121 მილიონი ევრო მთავრობის პირდაპირი დახმარების სახით - შეჩერდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. საქართველოს მთავრობამ მოქმედების კურსი არ შეცვალა. დრო იყო ევროკავშირს გადამწყვეტი და ერთიანი რეაგირება მოეხდინა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენგან ქართველი ხალხი ელის.
ძალადობაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას სასწრაფო ნაბიჯები რეპრესიების შესაჩერებლად, დაკავებული დემონსტრანტების გასათავისუფლებლად და ხელახლა ჩაერთოს გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნა დუბრავკა შუიცამ.
ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი
„თბილისიდან ახლახან დავბრუნდი და რაც იქ ვნახე, სიმართლე გითხრათ, გამაოგნებელი იყო. მთავრობა, რომელიც გაყალბებული არჩევნების შემდეგ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს და ცდილობს ევროპული დემოკრატია ბელარუსული სტილის ავტორიტარულ რეჟიმად აქციოს კრემლის ჩრდილის ქვეშ. ეს რუსული სახელმძღვანელოა, კარგად ნაცნობი დეზინფორმაციის, მანიპულირების, ძალადობისა და წამების შესახებ. მაგრამ, კოლეგებო იმან, რაც საქართველოში ვნახე იმედი მომცა. ათობით ათასი ადამიანი ყოველდღე ქუჩებში გამოდის და თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და საქართველოსთვის იბრძვის, თან ევროკავშირის დროშას აფრიალებს. ეს დროშა მათთვის თავისუფლების სიმბოლოა“, - განაცხადა ტობიას კრემერმა.
მისივე თქმით, დროა, ევროპამ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმოქმედოს.
„ვიზიტის დროს ხალხი ევროკავშირის დროშებით გვესალმებოდა, მაგრამ ასევე, გვეკითხებოდა, თუ სად არის ევროპა ამ ჭეშმარიტების მომენტში? კოლეგებო, ახლა ქართველები ჩვენ შემოგვყურებენ და არა მხოლოდ ქართველები, არამედ უკრაინელები და მოლდოველებიც, რომლებიც ახლა თავისუფლებისთვის იბრძვიან. ასე რომ, მოდით მათ ვაჩვენოთ, რომ საჭიროების მომენტში ევროპას მოქმედება შეუძლია. მოდით, დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იღებს. მოდით, ამ დარბაზში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივესალმოთ და მოდით, ქართველ ხალხს მხარი დავუჭიროთ ახალი არჩევნების მოთხოვნაში, ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზაზე და იმ ღირებულებებისთვის ბრძოლაში, რომელსაც ევროკავშირის დროშა გამოხატავს“, - აღნიშნა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.
პოლონელი ევროპარლამენტარი გოშევსკა
„კვირების განმავლობაში ათასობით ქართველი გამოდის ქუჩებში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის წინააღმდეგ, პრორუსული პარტიის, რომელიც პირდაპირ უბიძგებს ქვეყანას რუსეთის მკლავებისკენ. დაპატიმრებები, ძალადობა ევროკავშირთან ურთიერთობის გაყინვა არის ხელისუფლების პასუხი ქართული საზოგადოების მიმართ. საპროტესტო აქციები იმართება სლოგანის - „გაიღვიძე საქართველო“-ს ქვეშ, რაც, ვიტყოდი, რომ არის „გაიღვიძე ევროპა“ და დავდგეთ მომიტინგეების გვერდით“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
მან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კაია კალასს მიმართა, რომელმაც გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოზე საუბრისას განაცხადა, რომ „29 დეკემბრამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“.
„ქალბატონო კალას, რას ნიშნავს, „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე?“ რას ელოდებით? სისხლის დაღვრას, პრეზიდენტ ზურაბიშვილის დაპატიმრებას, რაც მათ პრეზიდენტ სააკაშვილს გაუკეთეს? თქვენ თქვით, რომ იმ ადამიანების სია, რომლებსაც სანქციები უნდა დაუწესდეთ, უკვე მზადაა, მაშინ გააკეთეთ ეს, მინიმუმ გააკეთეთ ეს! უნდა ვიმოქმედოთ დალოდების გარეშე, ქართველები თავიანთი მომავლისთვის იბრძვიან, მოდით, დავეხმაროთ მათ“, - აღნიშნა პოლონელმა ევროპარლამენტარმა.
ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო
„ძვირფასო კოლეგებო, თუ არ გესმით, რას ამბობენ მომიტინგეები თბილისში ყოველ ღამით, ნება მომეცით, გითხრათ, მე მივედი მათთან შესახვედრად. მათ არჩევნები მოპარეს, გააყალბეს, მათ თავისუფლებას პარავენ. ისინი გამუდმებით იმეორებენ, რომ საქართველო არის ევროპა და არა რუსეთი. ძვირფასო კოლეგებო, დავბრმავდით და ვერ ვხედავთ რეპრესიებს ამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ? მათ დაპატიმრებას, ცემას. ჟურნალისტებსა და ოპოზიციის წევრებს ციხეში უშვებენ, ვხედავთ ღრუბელს ქვეყანაზე, მოსკოვთან დაკავშირებას. ვართ მნიშვნელოვანი? არ დავუწესებთ სანქციებს „ქართული ოცნების“ დონორებს, ვისაც სურთ საქართველო რუსეთად გადააქციონ? პრეზიდენტმა მეცოლამ სალომე ზურაბიშვილი იქნა ევროპარლამენტში მოიწვია. ქალბატონი ზურაბიშვილი თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვის. მან პლენარულ სხდომაზე უნდა ისაუბროს. საქართველო მიეკუთვნება ჩვენი ევროპული დემოკრატიის სახლს. მათ ვისაც ჩვენი სჯერა ევროპის, ჩვენი უნდა დავუმტკიცოთ, რომ მართლები არიან, რომ ჩვენო სჯერათ“, – განაცხადა ლუაზომ.
ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი
"საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია", - ამის შესახებ ნიდერლანდელმა ევროპარლამენტარმა, რაინიე ვან ლანშოტმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ რუსულ კოშმარად გადაიქცა.
„ამ კოშმარის ლიდერებმა ხალხის ხმა მოიპარეს არჩევნებით, რომელიც არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა და ევროკავშირისკენ გზის გადაკეტვით ხალხს იმედი მოპარეს. ისინი არალეგიტიმურები და არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ნიღბები ჩამოხსნილია და მათ ნამდვილი სახე აჩვენეს. სახე, რომელიც ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რუსული ჩაგვრის სახე“, - განაცხადა რაინიე ვან ლანშოტმა.
მისივე თქმით, დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ძალადობის მიუხედავად ქართველი ხალხი არ ნებდება.
„მოსახლეობის 7% ყოველდღიურად საპროტესტო აქციებზე გამოდის. გასულ ხუთშაბათს ამ აქციების მონაწილეებთან ერთად გავიარე და ისინი ახალ არჩევნებს ითხოვენ. ერთი წლის წინ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა არა მისი ხელისუფლების, არამედ ხალხის გამო და ეს ხალხი დღეს ჩვენგან მოქმედებას ელის, მაშ როგორ დავეხმაროთ მათ?! სანქციები დავუწესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე აინტერესებთ, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიის სხვა დამცველები, მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, რომელიც 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. როგორც ერთმა დემონსტრანტმა მითხრა, საქართველოს ნამდვილი ოცნება ევროპულია“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.