თბილისი (GBC) – „დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და თბილისის მთავარი პროსპექტი მთლიანად გადაკეტეს. მსვლელობის მონაწილეებს სტუდენტებიც შეუერთდნენ.

მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაპატიმრებულ მსახიობებს და სხვა პირებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკანდირებით: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს!“, „საქართველოს გაუმარჯოს!“.

საპროტესტო მსვლელობაში ცნობილი მზარეულები, აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ, სხვადასხვა შინაარსის ბანერებით: „არჩევნები!“, „რუსეთის ხინკალნაია არ გავხდებით!“, „ცეცხლი ჭამეთ!“, „არ გამოვკვებავთ რეპრესიულ რეჟიმს“ და სხვ.

აქციის მონაწილეები ტაფებით და ქვაბებით არიან აღჭურვილი.

საქართველოს მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.

ასევე, დღის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა უბნიდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო მსვლელობაც არის დაგეგმილი.

აქციათა ციკლის მოთხოვნები უცვლელია - ხელახალ არჩევნების ჩატარება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება.