თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ნიუ-იორკში, ორშაბათს, 23 სექტემბერს, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "გრძელდება შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, ვერ ისწავლეს, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც". მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯების მიზანია, ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

"იცით, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული ევროპაში 2 მლრდ აშშ დოლარი, თუმცა ახლა შანტაჟი გრძელდება უკვე სხვა ფორმით, ისმენთ მუქარას ფორმალური სანქციების დაწესებაზე. ვერც ასე და ვერც ისე ეს ადამიანები ვერ მიაღწევენ მიზანს. მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის - მათ სურთ, რომ ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს შანტაჟი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული, ვერც ახლა. ვერ ისწავლეს ის, რომ წლების განმავლობაში რაც არ მუშაობს, ვერ იმუშავებს წლების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ეს შანტაჟიც არის განწირული წარუმატებლობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 79-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას და 25 სექტემბერს სიტყვით გამოვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს გუშინ, 22 სექტემბერს ეწვია.