თბილისი (GBC) - ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში თიბისი კაპიტალი წლის დასაწყისში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორების მიმოხილვას აჯამებს, რაზეც, ბოლო პუბლიკაციებშიც იყო ყურადღება გამახვილებული.

იანვარში, საქსტატის თანახმად, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა, რაც ამჯერადაც თიბისი კაპიტალის მოლოდინებზე მაღალია. მეტი ინფორმაცია ზრდის ფაქტორებთან დაკავშირებით ეროვნული ანგარიშების კვარტალური მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. მიმდინარე მდგომარეობით, 2025 წლისთვის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი ისევ ზრდის, დაახლოებით, გრძელვადიანი ტრენდის ირგვლივ ნორმალიზებაა. აქვე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსგავსად, იანვარში რეალური საკრედიტო აქტივობა ძლიერი რჩება.

უახლეს ინდიკატორებზე დაყრდნობით, ხანგრძლივი მოხმარების იმპორტულ საქონელზე ხარჯებში შენელება თებერვალშიც შეინიშნება. მთლიანობაში, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, მცირდება იმპორტიც. შედეგად, თებერვალში ექსპორტის წლიური კლების მიუხედავად, 2025 წლის პირველ ორ თვეში სავაჭრო დეფიციტმა დეკადის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულს მიაღწია.

არარეზიდენტებისა და მიგრანტების დანახარჯები თიბისის არხებით თებერვალში იანვართან შედარებით თითქმის უცვლელი იყო, თუმცა, შიდა ხარჯებისგან განსხვავებით, ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის მაჩვენებლებზე დაბალი რჩება. საპირისპიროდ, ფულადი გზავნილები ზრდას აგრძელებს. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალი გამოყოფს უფრო სტაბილური წყაროებიდან ჩარიცხვებს (რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ბელარუსის გარეშე), რომელთა წილმაც, ძირითადად ევროკავშირის, აშშ-სა და ისრაელის ხარჯზე, თებერვალში 83% შეადგინა. მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებები, იანვრის შემდეგ, თებერვალშიც გაუმჯობესდა.

საგარეო კომპონენტის მხრივ, ლარის ბოლოდროინდელი გამყარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ზემოაღნიშნულია. შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდისთვის უარყოფითი ფაქტორია, თუმცა, მეორე მხრივ, ნაკლები იმპორტისა და, შესაბამისად, ნაკლები სავალუტო გადინების არხით ლარს უწყობს ხელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია გლობალურ ბაზარზე დოლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება. ლარი/დოლარი/ევროს არჩევანის სტრატეგიის კონტექსტში ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საშუალო-გრძელვადიან ინდიკატორებზე აქცენტის გაკეთების უპირატესობას, თიბისი კაპიტალის რეკომენდაციის შესაბამისად, რათა თავიდან ავირიდოთ გადაჭარბებული რეაქცია მოკლევადიან პერიოდში, რასაც ხშირად, თუ ყოველთვის არა, საკმაო დანაკარგები მოსდევს.

შიდა კომპონენტის მხრივ კი, იანვარში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა შედარებით შესუსტდა, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მხრიდან ვალუტის წმინდა შესყიდვის კლებასა და დეპოზიტების კონვერტაციის ტემპის შენელებაში გამოიხატა. მიუხედავად ამისა, ისტორიულ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სენტიმენტების მხრივ დინამიკა დიდწილად უცვლელია. ამავდროულად, კვლავ გასათვალისწინებელია გასულ პერიოდში განხორციელებული სავალუტო კონვერტაციები, როგორც დეპოზიტების, ასევე სესხების კუთხით. აღნიშნული, თიბისი კაპიტალის შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია და სენტიმენტების გაუმჯობესების შემთხვევაში, სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას განაპირობებს.

ამავდროულად, თიბისი კაპიტალის ლარის წონასწორობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ჩარჩოს თანახმად, ლარი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე სადღეისოდ არსებულ ნიშნულთან ახლოა. აღნიშნული შეფასება ეყრდნობა როგორც შიდა, ასევე საგარეო ფაქტორების ერთობლიობას. შესაბამისად, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარად არ განიხილება.  ამ კუთხით, სხვადასხვა ფაქტორთან, მათ შორის ევრო-დოლარის დინამიკასთან ერთად, საყურადღებოა, რომ სავალუტო რეზერვების შევსების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, თიბისი კაპიტალი ფიქრობს, რომ ბაზარზე უცხოური ვალუტის შესაძლო ჭარბი მიწოდება უფრო საერთაშორისო რეზერვების შევსებაში, ვიდრე ლარის გამყარებაში აისახება.

სხვა მაჩვენებლების კუთხით, თებერვალში ფასები წლიურად 2.4%-ით გაიზარდა, თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების გამორიცხვით, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 2.9%-ს მიაღწია. წლიურ ინფლაციაზე, ერთჯერადი ფაქტორების გარდა, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ფასების გარკვეული, მაგრამ მაინც კლება ხანგრძლივი მოხმარების საქონელზეც, რომელიც, სენტიმენტების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დაკვირვების საგანია.