თბილისი (GBC) - ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში აქციების ძალადობრივად დარბევაზე პასუხისმგებელი ხელისუფლების დასანქცირებას მოითხოვს. „საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ ჩამოიშორა დემოკრატიის ყოველგვარი პრეტენზია და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტების და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების დაპატიმრება მათ სახლებსა და სამუშაო ადგილებში. არ შეცდეთ: ქართული ოცნება კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს", - თქვა ჯო უილსონმა.
"აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააგრძელებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიის გაზრდას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პირადი სანქციების გამოცხადება თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრის და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მე მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს იგივე გააკეთონ“, – აცხადებს ჯო უილსონი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 30 ნოემბერს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროპის კავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ამასთან, "ოცნებამ" 2028 წლის ბოლომდე უარი თქვა ევროპის კავშირის საბიუჯეტო გრანტებზეც.
ამის გამო, ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ, ძალის გამოყენება დაიწყო.
შვიდი ღამე გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ეს უკანასკნელი, 2028 წლამდე, ევროპის კავშირთან ყველანაირ ურთიერთობის გაწყვეტას მოიაზრებს.
დემონსტრანტები ითხოვენ ხელახლა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.
თავის მხრივ, კობახიძე და "ქართული ოცნება" რუსთაველზე შეკრებილ დემონსტრანტებს "ნაცმაიდანის" მონაწილეებს უწოდებს. გუშინ, 4 დეკემბერს, კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, "ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ, „ნაცმაიდანი" ჩავარდა და ქვეყნის ინტერესები იქნება თავიდან ბოლომდე დაცული".
პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს: წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.
დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს.
იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.
რუსთაველის გამზირიდან და მის მიმდებარე ტერიტორიებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ.