თბილისი (GBC) -  ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ოცნების" პრეს სამსახური ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია კობახიძის შეხვედრა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან, პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე საკანონმდებლო ორგანოს საკანონმდებლო პალატის სპიკერსა და სენატის თავმჯდომარესთან. 

ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში, "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული მინისტრები: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კობახიძემ ვიზიტები გამართა: აზერბაიჯანში, სომხეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ყაზახეთში.