თბილისი (GBC) - ლორდთა პალატის წევრი ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, "რადიო თავისუფლებასთან" ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობს. „ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს, ვინც ხელყოფს თავისუფლებას, ვინც პატივს არ სცემს კანონის უზენაესობას“, - აცხადებს იგი.

„ეს ადამიანები ხშირად ძალიან მდიდრები არიან, და ჩვენ ვიცით, ვის ვგულისხმობთ – ბატონ ივანიშვილს“, - უთხრა ლორდმა დონ ტუიგმა 29 იანვარს ლუქსემბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ“, - ამბობს იგი.

„მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ“, - აცხადებს ლორდი ტუიგი.

„ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება“, - ეუბნება ის "რადიო თავისუფლებას".

„აქ, PACE-ში, დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი“, - ამბობს PACE-ში ბრიტანული დელეგაციის ხელმძღვანელი.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება. კერძოდ კი, რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს შემდეგი პირობებით:

  • მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით;
  • 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.

მანამდე, მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უჩერებს არაერთ უფლებას, მათ შორის უზღუდავს კომიტეტებში მონაწილეობას. დელეგაციის წევრებს შეუჩერდებათ:

  • პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტებში სრულფასოვანი ან მონაცვლე წევრობის უფლება;
  • საარჩევნო სადამკვირვებლო კომიტეტების წევრობის უფლება;
  • მომხსენებლად დანიშვნის უფლებას;
  • ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება;
  • ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე ასამბლეის წარმომადგენლობის ან დროებითი წარმომადგენლობის უფლება.

ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში;
  • გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები;
  • დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
    რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ PACE-ს გადაწყვეტილება იყო „აბსოლუტურად აბსურდული“.

„თუ შეიცვლება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში დღეს მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.

მან ასევე თქვა, რომ „რაიმე არსებითი მნიშვნელობა PACE-ს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის“.