თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი ოთხშაბათს, 29 იანვარს სტრასბურგში საქართველოსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შემდეგ აცხადებს: "ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით".

თეოდოროს რუსოპულოსმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 114 ხმით 13-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას და მკაცრი დათქმებით და შეზღუდვებით ცნო „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება. კერძოდ კი, რეზოლუციაში საუბარია, რომ ევროპის საბჭომ საქართველოს დელეგაცია უნდა აღიაროს შემდეგი პირობებით:

  • მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით;
  • 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.

აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.

მანამდე, მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უჩერებს არაერთ უფლებას, მათ შორის უზღუდავს კომიტეტებში მონაწილეობას. დელეგაციის წევრებს შეუჩერდებათ:

  • პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტებში სრულფასოვანი ან მონაცვლე წევრობის უფლება;
  • საარჩევნო სადამკვირვებლო კომიტეტების წევრობის უფლება;
  • მომხსენებლად დანიშვნის უფლებას;
  • ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება;
  • ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე ასამბლეის წარმომადგენლობის ან დროებითი წარმომადგენლობის უფლება.

ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში;
  • გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები;
  • დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

რეზოლუციის მიღებაზე პასუხად, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თავად წყვეტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას.

ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ გამოაცხადეს სტრასბურგიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან.

„უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები. არაერთი დათქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია – ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგსა და თბილისში მყოფმა წევრებმა, ვიმსჯელეთ და, ქართული ოცნების გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში.

საქართველო, ცხადია, როგორც სახელმწიფო რჩება ევროპის საბჭოს წევრად. ხოლო საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური და არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგომი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს”, – განაცხადა წულუკიანმა.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ PACE-ს გადაწყვეტილება იყო „აბსოლუტურად აბსურდული“.

„თუ შეიცვლება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ასეთ ვითარებაში დღეს მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს“, - განაცხადა მან.

მან ასევე თქვა, რომ „რაიმე არსებითი მნიშვნელობა PACE-ს დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის“.