თბილისი (GBC) – თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღირსეული ნაბიჯი“ უწოდა „ქართული ოცნების“ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვებას.
„ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას - ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი“, - განაცხადა „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ისინი თავისუფლების მოყვარული ხალხი არიან და არავის მისცემენ შესაძლებლობას, მიაყენოს შეურაცხყოფა, ყოველთვის აშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე.
„ეს არის ღირსეული ნაბიჯი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ყველას რომ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟოს და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომელიც დაფუძნებულია ტყუილზე და სიცრუეზე. ჩვენ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ვხედავთ - ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და არავის მიეცემა საშუალება ჩვენი სამშობლო სხვადასხვა მიზეზებით და მიზნებით აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი და ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ - არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ბრიუსელი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები მეგობრობას და პარტნიორობას აცდენილია.
კალაძის განმარტებით, დელეგაციის გამოსვლა არ ნიშნავს იმ გზის გადახვევას, რომელიც „ქართული ოცნებას“ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით აქვს გაცხადებული.
„ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ იმ კორუმპირებული ბიუროკრატიის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებს და განცხადებებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი რამ შეიცვლება დღევანდელ მსოფლიოში ტრამპის გაპრეზიდენტებით. შეიცვლება ეს ბიუროკრატია, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს“, - განაცხადა კალაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
ოთხშაბათს 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა.
აღნიშნული რეზოლუციის მიღების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.