თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“ მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, კობახიძე და პაპუაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
გასულ ღამეს, ჩეხეთმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორის არიან: ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ – შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი,
ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიციის უფროსი და მირზა კეზევაძე - ხარაზიშვილის მოადგილე.
ამის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე.
2024 წლის 20 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის და პაპუაშვილი ღირსების ორდენზე წარადგენდნენ ვახტანგ გომელაურს, შალვა ბედოიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს, გიორგი ბუთხუზს, იოსებ ჭელიძე, თეიმურაზ კუპატაძე, ვაჟა სირაძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე.
მანამდე, აშშ-მ ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას“ მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა. ასევე ისინი შეყვანილნი არიან მაგნიტსკის სიაში.
გარდა აშშ-ისა, ვახტანგ გომელაურს და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ.