თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ვაშინგტონში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ვაშინგტონის მახლობლად მომხდარი ტრაგიკული ავიაკატასტროფის გამო, რამაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა“, - წერს საგარეო უწყება X-ზე.
„ჩვენ გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს ამ რთულ პერიოდში“, - ვკითხულობ განცხადებაში.
We are deeply saddened by the tragic #planecrash near Washington, D.C., claiming the lives of dozens aboard. We extend our heartfelt condolences to the families of the victims and stand in solidarity with the people of 🇺🇸 during this difficult time @StateDept
— MFA of Georgia (@MFAgovge) January 30, 2025
გასულ ღამეს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა. შემთხვევა ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან მოხდა.
ავიაკატასტროფის ადგილას 19 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაციას მედიას სამართალდამცავი უწყებები უდასტურებენ.
აშშ-ის ფიგურული სრიალის ფედერაციამ დაადასტურა, რომ რეისზე იმყოფებოდნენ მათი გუნდის წევრები – სპორტსმენები, მწვრთნელები და ოჯახის წევრები, რომლებიც კანზასის შტატიდან ბრუნდებოდნენ.
სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობს. მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რადგან ქარიანი ამინდია, ნისლია და წყალი გაყინულია.
სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ოფიციალური პირები დღის განმავლობაში დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.