თბილისი (GBC) – შალვა პაპუაშვილმა განმარტა, თუ რა სისტემის მოწყობას გულისხმობს „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები. მისი თქმით, იქნება სისტემა, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ“. პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე, რადგან, მისივე თქმით, „ისინი (გრანტის გამცემები. – რედ.) თავისი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ“.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და არის თუ არა ეს ქართველი ხალხის ინტერესში.
„სამწუხაროდ, ბევრი უპასუხისმგებლო დონორია, ვისთანაც თვეები, წლები ვსაუბრობდით იმაზე, რომ პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ვხედავთ, რომ ფულს მისცემენ, შემდეგ ამ ფულით ხდება - „მოლოტოვის კოქტეილის“ რეკლამირება, ფაშისტური კამპანიების განხორციელება, ძალადობრივი აქტები. როცა ამის თაობაზე დონორებს ვეკითხებით, ისინი ხელს იბანენ, მათი პასუხისმგებლობა თითქოს არის. ასე არ გამოვა და არც შეიძლება. ისინი თავისი ქვეყნის ხალხის ფულს ხარჯავენ და პასუხისმგებლიანად უნდა მოიქცნენ. ისინი ჩვენი საზოგადოების ინტერესებს აზიანებენ, როცა მოლოტოვის კოქტეილების რეკლამირების და ა.შ. დაფინანსება ხდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და ქართველი ხალხის ინტერესში შედიოდეს ის, რაც საქართველოში ხდება. სისტემა იქნება, რომ დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ". ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. თუ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე. ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება მოქალაქეებისთვის და ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება, რა პროექტები ფინანსდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება, რომ ეს მოხდეს ქართველი ხალხის ინტერესებით და არა ესტონეთის ხელისუფლების ინტერესით, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესით. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ და ყველაფერი ჩვენს ინტერესებში უნდა ხდებოდეს და არა, სხვა ხალხების და მათი პოლიტიკური ინტერესებით, რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაშია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო ორგანიზაციებს აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა. ეს წესი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.
პარტიებისთვისა და საარჩევნო მიზნების მქონე პირებისთვის ღონისძიებებს ვერ ჩაატარებენ არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
ახალი კანონპროექტით, ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში და შემოწირულების მიღების უფლების შესახებ ჩანაწერი ასე იქნება ფორმულირებული:
„პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით მიიღონ საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა“.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები შემოწირულებას ვერ მიიღებენ, თუ შემწირველი:
საჯარო დაწესებულებაა;
სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელია;
ანონიმურია;
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირია;
საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებაა.
მოქმედი წესით, აკრძალვის ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანება ლექციას, სემინარს ან სხვა მსგავს საჯარო ღონისძიებას აწყობს უსასყიდლოდ.