თბილისი (GBC) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის კონტროლის გაძლიერებისა და უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით ახალი, მასშტაბური საკანონმდებლო პაკეტი შეიმუშავა. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 ივნისს დარეგისტრირდა და მას საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით, 23 ივნისის სასესიო კვირაში განიხილავს.

უწყების ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად შეეხება უცხოელი სტუდენტების მიღებისა და მათი ბინადრობის ნებართვების რეგულაციებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის ქორწინების საფუძველზე ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის წესებს.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისთვის სავალდებულო ხდება ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ ორგანიზებული გამოცდის ჩაბარება. აღნიშნული რეგულაციით სახელმწიფო მიზნად ისახავს გამორიცხოს იმ პირთა ჩარიცხვა, რომლებიც რეალურად არ ფლობენ შესაბამის ენობრივ კომპეტენციას.

ამასთანავე, მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა დაწესდება. უნივერსიტეტები ვალდებულნი იქნებიან, სტუდენტების სტატუსთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ასახონ ერთიან საინფორმაციო სისტემაში, რომელზეც წვდომა სახელმწიფო უწყებებს ექნებათ. წესების დარღვევისთვის სასწავლებლებს დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ჯარიმასთან ერთად, უცხოელების მიღების შეზღუდვას ან ავტორიზაციის გაუქმებასაც ითვალისწინებს.

სასწავლო ბინადრობის ნებართვა სრულწლოვან პირებზე მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებებში სწავლის შემთხვევაში გაიცემა, ხოლო აკადემიური მოთხოვნების შეუსრულებლობის, შრომითი პირობების დარღვევის ან ქვეყნის ტერიტორიაზე არყოფნის შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვა გაუქმდება.

საკანონმდებლო პაკეტით მკაცრდება ქორწინების საფუძველზე ბინადრობის უფლების მოპოვების წესი. მკვიდრდება ახალი სამართლებრივი სტატუსი - „საქართველოს მოქალაქის მეუღლის ბინადრობის ნებართვა“, რომელიც მუდმივი ბინადრობის უფლებამდე გაიცემა. ნებართვის გაცემამდე სპეციალური კომისია შეამოწმებს ქორწინების ნამდვილობას.

კანონპროექტით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება ფიქციური ქორწინება ბინადრობის ან მოქალაქეობის მოპოვების მიზნით. სანქციის სახით განისაზღვრება უცხოელის საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 2-დან 10 წლამდე ვადით, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა 1-დან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.

უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების უფლებამოსილება ენიჭება. გარდა ამისა, უცხოელ მსჯავრდებულებს შესაძლოა სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალოთ საქართველოდან გაძევებით.

ცვლილებები შედის სასამართლო სამართალწარმოებაშიც: საგრძნობლად მცირდება საიმიგრაციო გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და საქმის განხილვის ვადები, ხოლო რიგ შემთხვევებში სასამართლოს შეეძლება საქმეები ზეპირი მოსმენის გარეშე, შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს.