თბილისი (GBC) – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მთლიანი შიდა პროდუქტის და ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა.

ეროვნული ანგარიშები, მათი შედგენის მეთოდების კომპლექსურობიდან გამომდინარე, რეგულარულ გადასინჯვას ექვემდებარება, რაც წინასწარ შედგენილი კალენდარული გეგმის მიხედვით, სხვადასხვა პერიოდულობით ხორციელდება. ეროვნული ანგარიშების ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკური ინდიკატორია მთლიანი შიდა პროდუქტი, რომლის წინასწარი მაჩვენებელიც საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან მე-80 დღეს ქვეყნდება კვარტალური გამოკვლევების შედეგების შესაბამისად, ხოლო ზუსტდება საანგარიშო წლის დასრულებიდან 11 თვის შემდეგ, წლიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე. გარდა აღნიშნული ყოველწლიური დაზუსტებისა, მაჩვენებლების შესადარისობის მიზნით ისტორიული მონაცემებიც ექვემდებარება ეტაპობრივად გადასინჯვას, რისი მიზეზიც შესაძლოა იყოს: ანგარიშების შედგენის მეთოდოლოგიური ცვლილებები, წყაროდან მიღებული მონაცემების დაზუსტება, მონაცემთა წყაროს გაუმჯობესება, ცვლილებები კლასიფიკატორებში და სხვა.

მშპ-ს და სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ისტორიული მწკრივების გადასინჯვა და გადაანგარიშება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (IMF, Eurostat და ა.შ.), რეკომენდებულია 5 წელიწადში ერთხელ, რომლის მიზანია ეროვნული ანგარიშების მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საქართველოში მშპ-ს ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება უკანასკნელად 2019 წლის ნოემბერში განხორციელდა, ხოლო შემდგომი გადაანგარიშება იგეგმებოდა 2023 წელს. თუმცა, 2023 წლის შემოდგომაზე ევროსტატის, UNECE-ს და EFTA-ს მიერ განხორციელებული სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასების ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის აქტივობები, შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპის მონაცემთა გადასინჯვის ჰარმონიზებულ პოლიტიკასთან (Harmonized European Revision Policy), რომლის მიხედვითაც გადასინჯვის პერიოდად ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიჩნეულია 2024 წელი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონაცემთა გადაანგარიშების პერიოდად (განახლებული მონაცემების გამოქვეყნების თარიღად) შეირჩა 2024 წლის თებერვალი. გადაანგარიშება მოიცავს ისტორიულ მწკრივს 2010 წლიდან, ხოლო მასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს 2023 წლის იანვრიდან.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს მშპ-ის მოცულობას მიმდინარე ფასებში, გადაანგარიშებამდე და მის შემდეგ:

შემდეგ დიაგრამაზე წარმოდგენილია მშპ ერთ სულზე, გადაანგარიშებამდე და მის შემდეგ:

ხოლო, შემდეგი დიაგრამა ასახავს მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლებს გადაანგარიშებამდე და მის შემდეგ: