თბილისი (GBC) - იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება. ამ ფონზე, ღვინის ეროვნული სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ზრდის კამპანიას ააქტიურებს. კამპანიის ფარგლებში, ავტორიტეტული გამოცემის „The New York Times” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელსაც კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 100 მლნ მომხმარებელი ჰყავს, ქართული ღვინის სარეკლამო ბანერების სლაიდშოუ განთავსდა.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც 2013 წლიდან სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას.
აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე განხორციელდა ამერიკელი ღვინის პროფესიონალებისა და ჟურნალისტების საქართველოში ვიზიტები; ქალაქ ნიუ-იორკში, ორი კვირის განმავლობაში, 25 სარეკლამო აბრაზე (ლაითბოქსი) განთავსებული იყო ქართული ღვინის სარეკლამო ბანერები; ქალაქ ნიუ-იორკში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენაც „გრანდ თეისტინგი“ ჩატარდა; გაგრძელდა თანამშრომლობა პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის გამოცემასთან „Wine Enthusiast“ და სხვა მედია საშუალებებთან.
2023 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით განხორციელებული სარეკლამო კამპანია და თანამშრომლობა ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS და CNN, რამაც 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის განვლილი პერიოდში, აშშ-ში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცედენტო ზრდა განაპირობა.
აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან “Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს.