თბილისი (GBC) – Microsoft 4 800 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, საკადრო შემცირება ხელოვნური ინტელექტის პირდაპირი შედეგი არ არის.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, დაგეგმილი შემცირება კომპანიის პერსონალის დაახლოებით 2,1%-ს შეეხება.
თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა წერილში Microsoft-ის ადამიანური რესურსების დირექტორი აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი სამუშაო პროცესს ცვლის და რიგი ამოცანების ავტომატიზაციას უწყობს ხელს, თუმცა მიმდინარე შემცირება უშუალოდ AI-ს არ უკავშირდება.
„მსურს პირდაპირ განვაცხადო, რომ დღეს გაუქმებული პოზიციები ხელოვნური ინტელექტით არ ჩანაცვლდება. ამასთან, მართალია, რომ AI სამუშაოს შესრულების მიდგომებს ცვლის“, – ციტირებს სააგენტო Reuters კომპანიის წარმომადგენელს.
მედიის ცნობით, Microsoft ტრადიციულად თანამშრომელთა შემცირებას ფინანსური წლის ბოლოს, ივნისში, ახალი საბიუჯეტო გეგმების ფორმირების პროცესში ახორციელებს.
6 ივლისის მდგომარეობით, Microsoft-ის აქციების ღირებულება 1,5%-ზე მეტით შემცირდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Microsoft-მა OpenAI-ის ტექნოლოგიებზე ექსკლუზიური წვდომა დაკარგა.
