თბილისი (GBC) – ვირტუალური ზონის პირის (ვზპ) სტატუსის მქონე კომპანიების პრობლემურ საკითხებს, გამოწვევებს, სამართლებრივ და საგადასახადო სირთულეებს მიუძღვნა მასშტაბური ონლაინ კონფერენცია ვზპ ასოციაციამ, რომელიც Kreston Georgia-ს მხარდაჭერით 7 ნოემბერს ჩატარდა. დისკუსიას უძღვებოდნენ ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილი და საგადასახადო ექსპერტი, Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარე შორენა კოპალეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის შესახებ, გააცნო მათ ასოციაციის მიღწევები და სამომავლო გეგმები. ასევე მან ისაუბრა ასოციაციასთან პარტნიორობის უპირატესობებზე და იმ ამოცანებზე, რომლის გადაჭრაც რჩება მთავარ მიზნად და გამოწვევად, რადგან ეს ხარვეზები კომპანიებისთვის მილიონობით ლარის დაუსაბუთებელი ჯარიმების დაკისრებას იწვევს.
საგადასახადო ექსპერტმა დავით პაპიაშვილმა განმარტება გააკეთა საგადასახადო უწყების მეთოდური მითითების შესახებ, ისაუბრა იმ ხარვეზებსა და რეალურ პრობლემებზე, რომლებსაც კომპანიები აწყდებიან საგადასახადო მიდგომების გამო. პრაქტიკული პრობლემების განხილვისას პაპიაშვილმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო რეგულირების აქტუალობას და აუცილებლობას და იქვე გააცნო მონაწილეებს საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი ასპექტები.
კომპანიების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რისკებს, რომლებიც წარმოიქმნება ამ ბუნდოვანი მითითებებით. მათი თქმით, გაუმართავი აუდიტის პროცესები ართულებს კომპანიების ოპერირებას, იწვევს შეუსაბამობებს და პოტენციურ ფინანსურ რისკებს კომპანიებისთვის. მაგალითად, მესამე მეთოდური მითითების გამოცემის შემდეგ, გარკვეული კომპანიები აღმოჩნდნენ ისეთ სიტუაციაში, როდესაც არსებობს დარიცხული გადასახადების, ჯარიმებისა და საურავების გათავისუფლების საფუძვლები. თუმცა, აშკარა ხარვეზი არსებობს სამართლებრივ მექანიზმში - ის არ ასახავს პროცედურას, რომელიც ამ კომპანიებმა უნდა დაიცვან, რათა მოხდეს დაკისრებული გადასახადებისა და ჯარიმების გაუქმება. ეს გაურკვევლობა ხაზს უსვამს მკაფიო და კარგად განსაზღვრული ნორმების აუცილებლობას ინდუსტრიაში სამართლიანობისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. კომპანიები ითხოვენ სიცხადეს და გამჭვირვალობას, რაც აუცილებელია ყველა დაინტერესებული მხარისთვის ასეთ სიტუაციებში ეფექტიანი ნავიგაციისთვის. კომპანიების წარმომადგენლების განმარტებით, მკაფიო რეგულაციის და პროცედურის ჩამოყალიბება უზრუნველყოფს წარსული საქმეების ეფექტიან და დროულ გადახედვას და შესაბამისად გადაწყვეტას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინდუსტრიის უფრო სტაბილურ და საიმედო საქმიანობას. ასოციაციამ გამოთქვა სრული მზადყოფნა, იმუშაოს სტრუქტურირებულ ჩარჩოზე, რომელიც უზრუნველყოფს ინდუსტრიის უფრო სტაბილურ მომავალს.
კომპანიების წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ თუ დროულად არ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, როგორც დარიცხული გადასახადების გაუქმების, ისე საკანონმდებლო დაზუსტებების მიმართულებით, მზად არიან მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ისინი აღიქვამენ ამ ვითარებას, როგორც მათი საკუთრების უფლების დარღვევას მკაფიო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ეს განწყობა ხაზს უსვამს საკითხის სერიოზულობას, სამართლიანი და გამართლებული გადაწყვეტის აუცილებლობას.კონფერენციაში მონაწილეებმა გამოთქვეს შეშფოთება შემოსავლების სამსახურის მხრიდან მკაფიო დაბეგვრის პოლიტიკის არარსებობის გამოც. წარსული პერიოდის გაანალიზება ადასტურებს ერთიანი და თანმიმდევრული მიდგომის აუცილებლობას.
შორენა კოპალეიშვილის თქმით, კონფერენციაზე ასევე განხილული იყო მკაფიო კონტრასტი საერთაშორისო კომპანიის და ვირტუალური ზონის პირის სტატუსებს შორის.
„აღსანიშნავია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მფლობელის უპირატესობები: ისინი არ არიან შეზღუდული სხვა საქმიანობაში და არ მოეთხოვებათ ორწლიანი გამოცდილება. დაბეგვრის ნაწილშიც აშკარაა ამ სტატუსის ეფექტიანობა. ფაქტია, რომ ინტერესი ამ სტატუსის მიმართ მზარდია, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ეს კი ხაზს უსვამს ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მიმზიდველობასა და უპირატესობას“, – ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.
მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ბიზნესის წარმოებისადმი ინტერესს უცხოელი ინვესტორები მეტი სიფრთხილით ეკიდებიან დღეს, რაც განპირობებულია სხვა და სხვა ფაქტორით, როგორიცაა სახელმწიფოს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დაუსაბუთებელი და მოულოდნელი მოთხოვნების წარმოშობა, დროის მოკლე პერიოდში საგადასახადო დაბეგვრის პოლიტიკის ცვალებადობა, განჭვრეტადობის არარსებობა, კანონმდებლობის ბუნდოვანება და სხვა.
„ჩნდება კითხვა – როგორ წავახალისოთ კომპანიები აწარმოონ ბიზნესი და შემოიტანონ ინვესტიციები საქართველოში. მიზანია შეიქმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ნდობის და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას მხარეებს შორის, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება მზარდ და დღეს ერთ–ერთ ყველაზე განვითარებად ინდუსტრიას მსოფლიოში. საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დღესაც და მზად არის გააგრძელოს აქტიურობა ამ მიმართულებით. დისკუსიის მსვლელობისას ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ საკითხის არსი მდგომარეობს ამ ინდუსტრიის წინაშე არსებული პრობლემების და ხარვეზების საკანონმდებლო დონეზე გამოსწორების აუცილებლობაში. ეს უზრუნველყოფს უფრო სამართლიანი და სტანდარტიზებული ჩარჩოს შექმნას, რომელიც იცავს კომპანიებს ასეთი რისკებისგან, როგორიცაა დაბეგვრის პოლიტიკის მოულოდნელი ცვლილება, რეტროსპექტული წესით დაჯარიმება, ამა თუ იმ აუდიტორის მიერ საკანონმდებლო ნომრების ინტერპრეტირება და სხვა. კომპანიების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ასოციაციისა და მისი პარტნიორების აქტიურობას ამ მიმართულებით და სრული მხარდაჭერა დაგვიდასტურეს“, – ამბობს შორენა კოპალეიშვილი.
შორენა კოპალეიშვილის შეფასებით, ამ თემების განხილვამ, გამოცდილების გაზიარებამ და მონაწილეების ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა შეხვედრის მნიშვნელობა და აუცილებლობა. მისივე თქმით, წამოჭრილი თემები და გამოწვევები ასოციაციას მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთოს ამ პრობლემების ანალიზში და მხარეთა ინტერესების ადვოკატირებაში, ისეთი გარემოს შექმნაში, რაც ხელს შეუწყობს და დაიცავს წევრების ინტერესებს. ასოციაცია კვლავ აგრძელებს მუდმივ ადვოკატირებასა და გამჭვირვალობაზე ფოკუსირებას, რაც უზრუნველყოფს წევრების ინტერესების დაცვის ხელშეწყობას.
კონფერენციაში ასოციაციის როგორც წევრი, ისე არაწევრი კომპანიები მონაწილეობდნენ.