თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.2%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მილიონი შეადგინა, რაც 4.6%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2023-2024 წლებში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების შემოსვლებისა და საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობას.
2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.4 მილიონს მიაღწია, რაც 5.4%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 5.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9.%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილებას ვიზიტის ტიპის მიხედვით.
საერთაშორისო ვიზიტორების 78.8% მხოლოდ ტურისტები იყვნენ, მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 17.2% შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მლნ, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 19%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12.7%-იანი წილით.
შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (1.4 მლნ), თურქეთისა (1.3 მლნ) და სომხეთის (0.9 მლნ) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობა, 47.3%, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 41.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 51.9%, განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 3.4 მლნ და 2.5 მლნ ვიზიტი.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (5.4 ღამე) 2.6%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 76% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2024 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.
ამასთან, 2024 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები ₾14.3 მლრდ-ს გაუტოლდა, რაც 10.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წელთან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და 2 211.2 ლარი შეადგინა.