თბილისი (GBC) – „გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მისი უწყებაში მისვლის კადრები "TV პირველმა" გაავრცელა. გიორგი გახარიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გუშინ, 21 იანვარს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, გიორგი გახარიაზე ორგანიზებული თავდასხმიდან ამ დრომდე „შერატონი ბათუმი“ უარს აცხადებს ვიდეოკადრების გადმოცემაზე. მათივე ცნობით, ჩანაწერები განჩინებით სრულად სერვერებიანად წაიღო პროკურატურამ, წაღებულია ვინჩესტერებიც და მათ ჩანაწერის ასლი აღარ აქვთ.

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14-15 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.

ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.