თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, "პარლამენტში დაინიცირდეს კანონპროექტი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის უფლებამოსილება".
მისი თქმით, შეიქმნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლის გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ასევე კომუნიკაცია შედგა სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება.
„მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნება დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური გახდება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ჩვენ ასევე ვესაუბრეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სადაც რეალურ დროში აუდიტი დაინერგება. თუკი აქამდე ხდებოდა განვლილი წლების აუდიტი, ახლა უკვე შესაძლებელი იქნება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეფასებები გააკეთოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა და დასძინა, რომ ეს "წაადგება საბიუჯეტო სახსრების ეფექტიან ხარჯვას".
ჟორჟოლიანის აზრით, ეს ნებისმიერ სფეროში უფრო ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ენერგეტიკული მიმართულება, ქონების მართვა თუ ნებისმიერი სხვა.
"ჩვენი მმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და სწორედ ამ ორი ძირითადი პრინციპის გაძლიერებას ემსახურება ახალი მექანიზმის შექმნა", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ირაკლი კობახიძემ 31 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება“.