თბილისი (GBC) - პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები და სტანდარტები შემოდის, ორშაბათს მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. სავარაუდოდ, აღნიშნულ პროექტს "ოცნების" დეპუტატები მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.

“ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონის პროექტით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება. კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს.

კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა.