თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. შესაბამის ბრძანებას კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.

საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.

აშშ-მა გუშინ, 19 დეკემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის უფროსის, „ხარებას” მოადგილე მირზა კეზევაძე დაასანქცირა.

ამ სანქციებით მათი ქონება და აქტივები, რომლებიც აშშ-ში ან აშშ-ის მოქალაქეთა კონტროლშია, გაიყინება და უნდა აღირიცხოს OFAC-ის მიერ – გარდა ამისა, სანქციები ვრცელდება ყველა იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც მინიმუმ 50%-ით ან მეტი პროცენტი ეკუთვნის დასანქცირებულ პირებს.

ამასთან, აშშ-ის მოქალაქეებისთვის აკრძალულია რაიმე ტრანზაქციის განხორციელება აღნიშნული პირების ქონებასთან ან აქტივებთან დაკავშირებით.