თბილისი (GBC) - ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა და 14 395.8 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
2023 წლის განმავლობაში მოპოვებულია 38.9 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2022 წელთან შედარებით 6.3%-ით მეტი), 148 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.2%-ით მეტი) და 16.4 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 12.3%-ით მეტი).
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება უმნიშვნელოდ 0.1%-ით გაიზარდა და 1 114.5 ათასი მ3 შეადგინა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში 2023 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, გაანგარიშებულს ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.7%) მოდის ელექტროენერგიაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (13.1%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.
2023 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 12 268.5 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 8.3%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
2023 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 368.8 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 0.2%-ით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 516.3 მილიონი მ3 შეადგინა, რაც 0.5%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა საგზაო ტრანსპორტში და მრეწველობის ცალკეულ დარგებში. შინამეურნეობების სექტორში ბუნებრივი გაზის მოცულობა გაიზარდა უმნიშვნელოდ, 0.4%-ით. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 455.8 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 5.8%-ით მეტი). ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42% მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29%) და ელექტროენერგია (20.5%).
წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 4%-ს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4.5% მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
საქსტატის მტკიცებით, 2023 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 33.3% და 30.9%. რაც შეეხება სხვა დარგებს, 16.1% — მრეწველობის, 4.5% — მშენებლობის, 0.6% — სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.6% კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.