თბილისი (GBC) – გერმანიამ კვირას, 23 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებას დაუჭირა მხარი. ბუნდესტაგის არჩევნებში ოპოზიციურმა კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა და ხმების 28,5% დააგროვა. ეს მაჩვენებელი 2–5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია იმ მაჩვენებლებზე, რასაც ბლოკი ოპოზიციაში 3,5 წლის განმავლობაში ყოფნისას აგროვებდა.
სოციოლოგები, რომლებსაც Tagesschau.de ციტირებს, მიიჩნევენ, რომ მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლების მიღების მიზეზი კანცლერ ანგელა მერკელის მემკვიდრეობაში და მის ლიბერალურ მიგრაციულ პოლიტიკაშია. ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი დიდი ხანია აცხადებს კურსის ცვლილების შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო ყველა ამომრჩევლის დარწმუნება, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მის ბლოკს უჭერდა მხარს. მერცი ბერლინის ცენტრში მდებარე კანცლერის უწყების დაკავებას სააღდგომოდ, აპრილის ბოლოს გეგმავს.
შოლცი მიდის, პარტია ხელისუფლებაში რჩება
ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი ჩემოდანს ალაგებს, თუმცა უმცირესობის მთავრობის მეთაურად რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება. მისი სოციალ–დემოკრატიული პარტია დამარცხდა – ხმების მხოლოდ 16,4% მიიღო. ამაზე უარესი მაჩვენებელი პარტიას ისტორიაში არ ჰქონია.
თუმცა, არჩევნების წაგების შემდეგ, გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში ბლოკის უმცროსი პარტნიორის რანგში რჩება. ამჟამად ღიად რჩება კითხვა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ამ პარტიას მერცის მთავრობაში. შოლცი აცხადებს, რომ მიდის პოლიტიკიდან და მოლაპარაკებების პროცესში არ ჩაერთვება. სავარაუდოდ, სოციალ–დემოკრატები პარტიის ახალ ხელმძღვანელობას აირჩევს. ერთ–ერთ სავარაუდო კანდიდატად პარტიის ლიდერის პოზიციაზე თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი განიხილება, რომელიც გერმანიაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია.
უცლტრამემარჯვენეების ტრიუმფი და მემარცხენეების მოულოდნელი წარმატება
ქრისტიან–დემოკრატების გარდა, არჩევნებში თავს გამარჯვებულად მიიჩნევს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად მიგრაციის რადიკალური შეზღუდვის, ევროკავშირიდან გერმანიის გასვლის, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტია და რუსეთისათვის სანქციების გაუქმების მოწოდებებით გამოდის. ამ პარტიამ 23 თებერვლის არჩევნებში ხმათა 20,8% დააგროვა და 2021 წლის არჩევნებში დადებული შედეგი გააორმაგა.
პარტიის თანათავმჯდომარე და კანცლერობის კანდიდატი ალის ვაიდელი ტელეინტერვიუში ბევრს იღიმოდა და შესანიშნავ განწყობაზე იყო. იგი დარწმუნებულია, რომ მერცის მთავრობა ვერ იქნება მყარი, დაიშლება და რამდენიმე წელიწადში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველ ადგილზე გავა.